1152688902672285
top of page

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ჩვენს მიერ 2014 წელს გამოცემული წიგნის „თანამედროვე საბანკო საქმე - თეორია და პრაქტიკა“ გადამუშავებულ ვერსიას, რომელიც განახლებულია საბანკო საქმის საერთაშორისო და ადგილობრივი უახლესი პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიცავს ახალ მასალებს და გამდიდრებულია უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში დარგში დაგროვილი თეორიული გამოცდილებით. იგი ასევე მოიცავს უახლეს საბანკო მოვლენებს, მათ შორის ახალი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებებს, ბანკების ფუნქციების, როლის და ადგილის ცვლილებას ფინანსურ სისტემაში, ასევე ბანკის მართვის თანამედროვე მოდელებს და მეთოდებს.

საბანკო საქმიანობის ჩანასახები და ცალკეული ელემენტები ჯერ კიდევ ცივილიზაციის გარიჟრაჟზე აღმოცენდა და მას შემდეგ სისტემატურად მიმდინარეობს ბანკის, როგორც უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ინსტიტუტის, განვითარება და სრულყოფა. შედეგად, დღეისათვის ბანკისა და საბანკო ურთიერთობების სახით კაცობრიობას აქვს უნიკალური ფინანსური ინსტიტუტი, რომლის გარეშე წარმოუდგენელია არა მარტო ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ, ზოგადად, საზოგადოებრივი პროგრესი.

თანამედროვე ბანკი არის მეტად რთული მექანიზმი, ამასთან, უაღრესად ფაქიზი და მყიფე – ცუდი მენეჯმენტის პირობებში და იმავდროულად მეტად მძლავრი – წარმატებული მართვის შემთხვევაში. აღნიშნული გარემოება განპირობებულია იმ რისკების ფართო სპექტრით, რომლებიც საბანკო საქმიანობას მუდმივად სდევს თან.

სახელმძღვანელოში შევეცადეთ, პასუხი გაგვეცა კითხვებზე: რა განაპირობებს ბანკების განსაკუთრებულობას? რით განსხვავდებიან ისინი სხვა ფინანსური ინსტიტუტებისაგან? როგორ უნდა ვმართოთ კომერციული ბანკი? რით არის გამორჩეული ამ კუთხით საქართველოს თანამედროვე საბანკო სისტემა? რა ოპერაციებს ახორციელებს თანამდროვე კომერციული ბანკი? რა სახის რისკებს აწყდება კომერციული ბანკი თანამედროვე ეტაპზე? როგორ უნდა მოხდეს საბანკო რისკების ჰეჯირება და მართვა? ეს და სხვა საკითხები სახელმძღვანელოში განიხილება მაკროეკონომიკურ პრობლემებთან ერთად.

წიგნში ყურადღება გამახვილებულია სხვადასხვა დეტალსა და „წვრილმანზე“, რაც ასე გამორჩეულს ხდის თანამედროვე საბანკო საქმეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თითოეული თემის განხილვისას გამოყენებულია საქართველოს საბანკო სისტემის კონსოლიდირებული და ცალკეული ბანკების ფინანსური მონაცემები და სხვადასხვა ანალიტიკური მაჩვენებლები, მოქმედი მარეგულირებელი ნორმატიული აქტები და ხშირად – არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის ისტორიული ექსკურსი. აღწერილია, თუ როგორ შეიქმნა და განვითარდა ქართული ეკონომიკის ფინანსურად ყველაზე მძლავრი და შემოსავლიანი, ტექნოლოგიურად – ყველაზე განვითარებული და საკადრო პოტენციალით – ყველაზე ინტელექტუალური საბანკო ბიზნესსექტორი. დღეისათვის ქართული საბანკო სისტემა თანამედროვე გლობალური ფინანსური სისტემის საკმაოდ მტკიცე რგოლი და დინამიკურად განვითარებადი ნაწილია.

წინამდებარე წიგნი წლების განმავლობაში იქმნებოდა. მას საფუძვლად დაედო ავტორთა სურვილი – შექმნილიყო არსებულ ქართულ საბანკო პრაქტიკასთან ადაპტირებული და საბანკო თეორიაზე დაფუძნებული თანამედროვე ტიპის სახელმძღვანელო. ამ განზრახვის რეალიზაციის მიზნით დაიწერა საბანკო დაკრედიტებასთან დაკავშირებული ის პირველი ოთხი თავი, რომელთა საჭიროება, ჩვენი აზრით, განსაკუთრებით აქტუალური იყო სალექციო კურსების წაკითხვისა და პრაქტიკული მუშაობისათვის. შემდგომში ამას მოჰყვა არანაკლებ მნიშვნელოვანი თემები. პარალელურად იხვეწებოდა უკვე დამუშავებული თავებიც. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ნაშრომი დღევანდელი სახით, რომელიც, ვფიქრობთ, პასუხობს მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს და წარმოადგენს საქართველოში საბანკო საქმის სწავლების მიმართულებით შექმნილ თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოს.

არცთუ იშვიათად სახელმძღვანელო სცდება წმინდა სასწავლო მასალის, პროგრამის ჩარჩოებს და ახდენს საქართველოს საბანკო სისტემის მაჩვენებელთა დემონსტრირებას დინამიკაში, მათზე გარე ფაქტორების გავლენის ახსნას. ამგვარი მიდგომა, ჩვენი აზრით, აჩვევს სტუდენტს ანალიზს და მას მომავალში მართებული გადაწყვეტილებების მიღებისათვის სოლიდურ საფუძველს უქმნის. სახელმძღვანელოში, მასალის უკეთ აღქმის მიზნით, მრავლადაა წარმოდგენილი სქემები, დიაგრამები, ცხრილები, ფორმულები და მაგალითები. ასევე ხშირადაა გამოყენებული საბანკო ოპერაციების ბუღალტრული ასახვის ქართული პრაქტიკის ელემენტები და ეროვნული ბანკის მხრიდან რეგულირების მექანიზმები, რითაც წიგნი მეთოდური პრაქტიკუმის ხასიათსაც ატარებს.

სახელმძღვანელო იძლევა კომერციული ბანკის საქმიანობის ორგანიზების საქმეში სრულყოფილი პროფესიული ცოდნის მიღების შესაძლებლობას, საბანკო საქმის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულების დახასიათებას. კერძოდ, მასში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: საბანკო საქმის, კომერციული და ცენტრალური ბანკების ისტორიული გენეზისი, ბანკების როლი და ფუნქციები, საქართველოს საბანკო სისტემის წარმოშობა, ჩამოყალიბება, რეფორმირება და დღევანდელი მდგომარეობა, კომერციული ბანკის მენეჯმენტი და მისი ძირითადი მიმართულებები, ბანკების პასიური და აქტიური ოპერაციები, კაპიტალის როლი და ფორმირების წყაროები, ბანკის ლიკვიდობა, მდგრადობა და მომგებიანობა, ბუღალტრული აღრიცხვა, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება, ამ უკანასკნელთა ფორმები და ინსტრუმენტები. დეტალურადაა განხილული დაკრედიტების პროცესი კომერციულ ბანკში, ასევე – ოპერაციები ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ოპერაციები, ლიზინგი, ფაქტორინგი, ფორფეტირება და თანამედროვე საბანკო ტექნოლოგიები და პროდუქტები. დაბოლოს, დეტალურადაა დახასიათებული საბანკო რისკები, რისკმენეჯმენტის, შიდა კონტროლის, აუდიტისა და ანგარიშგების პრაქტიკა თანამედროვე ქართულ საბანკო სისტემაში.

სახელმძღვანელოს სტრუქტურაზე, თემების შინაარსსა და მათ თანმიმდევრობაზე გავლენას ახდენდა, ერთი მხრივ, საბანკო სფეროში ჩვენი პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება, რომელიც ორ ათეულ წელს აღემატება, მეორე მხრივ კი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობა. შევეცადეთ, სახელმძღვანელო გამოსულიყო „ცოცხალი“ და ერთიანი ორგანიზმი: ყველა თემა ყოფილიყო წინა თემის ლოგიკური გაგრძელება და, შესაბამისად, მომდევნო თემის საფუძველი.

ავტორები სიამოვნებით მივიღებთ ყველა საქმიან რჩევას, რეკომენდაციასა და შენიშვნას (sabankosaqme2022@gmail.com), მითუმეტეს რომ ამ მიმართულებით ჩვენი სამეცნიერო მუშაობა კვლავაც გრძელდება.
 

bottom of page